ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ველისციხის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

22 სექტემბერი, 2022

სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა, ქალაქების მდგრადი განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, რამოლა ნაიკ სინგრუმ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა სოფელ ველისციხის ურბანული განახლების სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.

 პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

რეაბილიტაციის პროექტი ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც მოიცავს, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი.

სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამის (Livable cities) ფარგლებში მიმდინარეობს.

აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში, პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ველისციხის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია მათ შორის და მისი დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, გაჩნდება ახალი და საინტერესო მიზიდულობის ცენტრი.

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის ღირებულება 30 386 078 ლარია, სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.

გააზიარე