ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ატმის საკონსულტაციო შტაბი შეიქმნა

10 ივნისი, 2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - სოლომონ პავლიაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს ხილის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ატმის და ვაშლატამის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გურჯაანში საკოორდინაციო შტაბი მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს. გასული წლის მსგავსად, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ასევე, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. 
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებლებზე და გასული წლის ხილის წარმატებულ რთველზეც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე სეზონის წარმატებით წარმართვისათვის, გაზიარებული იქნება გასული წლის გამოცდილება და გათვალისწინებული იქნება ყველა ის მცირე ხარვეზიც კი, რომელიც არსებობდა. 
 შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

გააზიარე