ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"ეფექტიანობის აუდიტი" - შემაჯამებელი შეხვედრა მერთან

21 სექტემბერი, 2022

დღეს, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანი, საერთაშორისო ექსპერტები რუსლანა რუდნიცკა, მანფრედ კესტერენი და მერიის შიდა აუდიტორები, მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ უტიაშვილს შეხვდნენ და საპილოტე პროგრამის დეტალები გააცნეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) საპილოტე პროექტის „ეფექტიანობის აუდიტი გურჯაანისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე აუდიტორებმა გურჯაანის მერთან სამუშაო პროცესის შედეგები მიმოიხილეს და პილოტის დაგეგმვის ეტაპი შეაჯამეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეფექტიანობის აუდიტის წილის ზრდა უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პროგრამული ბიუჯეტის ეფექტიანად განკარგვისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრი მიმდინარე წელს საპილოტე პროექტს მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში - გურჯაანსა და საჩხერეში ახორციელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა და მადლობა გადაუხადა სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირმა გელანტია-ახვლედიანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპილოტე პროგრამაში ჩართვისთვის.

ორდღიანი ტრენინგები ეფექტიანობის პილოტის დაგეგმვის და შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავების საკითხების შეჯამებით დასრულდა.

საპილოტე პროექტი წლის ბოლოს მთავრდება, რომლის შემდეგაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტორები, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის სხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის გაზიარებას შეძლებენ.

გააზიარე